ვისკონსინში მცხოვრები 75 წლის ტერი ლორმენი რეგულარულად სტუმრობს ადგილობრივ კატების თავშესაფარს და დროს ცხოველებთან ერთად ატარებს.

ტერი, რომელიც პენსიაზე გასვლამდე ესპანურის მასწავლებელი იყო, თავშესაფრის თითქმის ყოველდღიურ მოხალისედ იქცა. ის კატებს ვარცხნის და იმ სითბოს უზიარებს, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ.

თავშესაფარში მყოფი კატების ნაწილს სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ტერი კი იმაზე ზრუნავს, რომ მათ თავი ოჯახში იგრძნონ.

ცხოველებთან გადაღებული ტერის სურათები მალე გავირუსდა და რამდენიმე დღეში თავშესაფარმა შემოწირულობის სახით იმდენი თანხა და პროდუქტი მიიღო, რომ ის მას ფუნქციონირების გაგრძელებაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ეყოფა.

თავშესაფარი 2016 წელს 27 წლის ელიზაბეტ ფელდჰაუზენმა გახსნა. მისი თქმით, ტერი თავშესაფარში ყოველდღე საკუთარი სავარცხლით მიდის:

"როდესაც ის კარებში შემოდის, კატები მისკენ გარბიან და ახტებიან, რადგან იციან, რომ მას მათთვის განსაკუთრებული სავარცხელი და გემრიელი საჭმელი აქვს. როცა ჯდება, ისინი მას ყველა მხრიდან ახტებიან და ეხუტებიან. კატებს ის ძალიან უყვართ", - უთხრა ელიზაბეტმა BBC-ის.