საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის, დეპუტატს რომან გოცირიძეს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავ პიარს ნაციონალური მოძრაობა ეწევა.

უმრავლესობის დეპუტატის, სოფო კილაძის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს სქესს ხაზი კობახიძემაც გაუსვა.

"იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც ღიად წარმოებს ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან ქალბატონი კანდიდატის მიმართ, არც კაცობა და არც რაღაცა შეიძლება ეწოდოს. ამით თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ სურვილი, როგორც ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ კობახიძეს უპასუხა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გენდერული ნიშნით სპეკულირებას ეწევა და სალომე ზურაბიშვილი გაკოტრებული კანდიდატია.

რომან გოცირიძეს ირაკლი კობახიძემ ისევ უპასუხა და თქვა, რომ "გაკოტრებული პარტია ექვსი კაცით ზის საქართველოს პარლამენტში". ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომა დაასრულა.