შონდა რაიმსის სუპერპოპულარული სერიალი, გრეის ანატომია, შესაძლოა მე-16 სეზონის შემდეგ დასრულდეს.

საუბრები შოუს დასრულების შესახებ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მთავარი როლის შემსრულებელმა ელენ პომპეომ ერთ-ერთ ინტერვიუში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ნამდვილად არ ვიცი რა იქნება მომავალში, ახლა ამ თემაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. შოუსთან დაკავშირებითაც ჯერ ახალი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, არც ის ვიცი როგორია ჩემი მომავალი გრეის ანატომიაში. თუმცა, მაქვს განცდა, რომ მთავარი ამბები, რაც მოსაყოლი გვქონდა, უკვე მოვყევით. ახლა ცვლილებებს ვეძებ", - ამბობს ელენ პომპეო.

ამ ეტაპზე ცნობილია ისიც, რომ ელენს კონტრაქტი სერიალში მონაწილეობაზე 2020 წლამდე აქვს დადებული, სწორედ ამ დროს სრულდება გრეის ანატომიის მე-16 სეზონიც.

რაც შეეხება ახალ მე-15 სეზონს, გრეის ანატომია ეთერში 27 სექტემბერს ბრუნდება.