ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ყველგან თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს და ეს საკითხი სინოდში რამდენჯერმე დააყენა.

"პირადად დავსვი ასეთი საკითხი, რომ იქნებ, ჩვენ მივმართოთ მთავრობას, რომ, როდესაც არის უშიშროების საბჭო, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ერის ინტერესებს, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს ამ საბჭოს. განათლების სისტემაშიც, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იქნას", — განუცხადა მეუფე ანტონმა შაბათის კურიერს.

მისივე თქმით, შეიძლება ეს "გლახად ჟღერდეს", მაგრამ ეს პრევენციული ზომებისთვის არის საჭირო:

"უკვე თავიდანვე ეცოდინებათ რაღაცნაირად, ვთქვათ, განათლების სამინისტროში ღებულობენ რაღაც პროექტს, მერე სულ ჯახი მოდის ჩვენთან. მოდი, იქვე იყოს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც მისცემს მიმართულებას".

ინიციატივა იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტში საპატრიარქოს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, უკვე დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორი პრეზიდენტობის კანდიდატი მიხელ [გელა] სალუაშვილია. მისი ორგანიზაციის, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე ინიციატივით, უნდა შემუშავდეს მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი.

სალუაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ეყოლება მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში და ასევე პარლამენტის თითოეულ კომიტეტში კოორდინაციის განმახორციელებელი მოადგილეები.