პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, მარიხუანის კანონპროექტის საკითხში ხელისუფლება დადგა იქ, სადაც ერი იდგა.

"ხშირად მეკითხებიან, ბრძოლაში გაიმარჯვეთო? მაგრამ ეს არ ყოფილა ბრძოლა. ძალიან ძნელია, იყო ხელისუფლებაში, ბერკეტები გქონდეს, სადავეები გქონდეს, შეგეძლოს, რომ ბოლო-ბოლო შეიკრიბები და მიიღებ კანონს, მაგრამ დადგნენ იქ, სადაც ერი იდგა. მე ამას ვაფასებ", — განაცხადა მეუფე იაკობმა ტვ პირველთან ინტერვიუს დროს.

საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გადაავადა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. გადავადება ნიშნავს, რომ კანონპროექტის საკომიტეტოს განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაიწყება. უცნობია გადავადების ზუსტი დროც.

კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა.

სასულიერო პირების ნაწილმა, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასეხება, ხოლო მეორე, კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს არავინ აპატიებს. მეუფე ანტონიმ კი ტოკ-შოუ რეაქციაში "სანთლების რევოლუცია" დააანონსა.

სასულიერო პირებმა აქამდეც გამართეს საპროტესტო აქცია. მათ გააპროტესტეს მარიხუანის ლეგალური მოხმარების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და ბათუმში, გამართულ აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს. პატრიარქმა კი განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის ერის მტრობა.