პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი კომისიის იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომელიც ევროპულმა საქართველომ შეიმუშავა. მისი თქმით, ამ დასკვნით უდანაშაულობის პრეზუმცია ირღვევა.

"პირდაპირი ბრალი წაუყენეთ მ.კ.-ს [მიხეილ კალანდიას] და პირდაპირ ბრალი წაუყენეთ. მე რომ ვიყო მ.კ., დამნაშავეა თუ არა ამას სასამართლო დაადგენს, აუცილებლად გიჩივლებდით თქვენ და ვუჩივლებდი პარლამენტს, ჩემი წინასწარ სასამართლოს გარეშე დამნაშავედ გამოცხადების გამო", — განაცხადა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, დასკვნაზე პასუხისმგებელია ქართული ოცნებაც, რადგან კომისიაში ევროპულ საქართველოს კომისიაში უმრავლესობა მისცა.

ევროპული საქართველოს დასკვნა

ევროპული საქართველოს 78-გვერდიან დასკვნაში 32 რეკომენდაციაზეა საუბარი, რომელიც ხუთ სხვადასხვა მიმართულებას ეხება.

საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. ასევე საგამოძიებო კომისია შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებზე.

საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის და გ.მ.-ს დაჭრის ფაქტებზე.

ასევე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისია ასევე ითხოვს დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი
შოთაძის ქმედებებზე.

მერვე რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.

საგამოძიებო კომისია

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

საქართველოს კანონმდებლობით კომისია ვალდებულია, შექმნიდან ზუსტად სამი თვის თავზე წარმოადგინოს დასკვნა. ბოლო თვეების განმავლობაში კომისიის წინაშე წარგნენ, როგორც საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირები, ისე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ ბოლო საჯარო სხდომაზე გამოკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.