საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. მისივე თქმით, პატრიარქის მოწოდება სასულიერო პირებს თავი შეეკავებინათ არაკორექტული პოლიტიკური განცხადებებისაგან ბრძნული იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ამ მოწოდებით რაღაცნაირად ეს ღრუბელი, რომელიც თითქოს გამოჩნდა გაიფანტა და ძალიან ზუსტი მიმართულება მისცა პროცესს", — განაცხადა ბესელიამ ინგა გრიგოლიას ტოქ-შოუ რეაქციაში.

ბესელიამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება ცალკეული სასულიერო პირების განცხადებები გაიგივდეს ეკლესიის პოზიციასთან. მისივე თქმით, 2012 წლამდე და ახლაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და ის ყოველთვის სწორ ნაბიჯებს დგამდა:

"არასდროს მას არ გადაუდგას ისეთი ნაბიჯი და არ უთქვამს ისეთი რამ, ან არ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთ მხარეს დააყენებდა მას და დაგვანახებდა, რომ ჩვენ სხვა მხარეს ვართ. ეს არის გენიალურობა მისი მოღვაწეობის".

ეკლესია და სალომე ზურაბიშვილი

მას შემდეგ, რაც მეუფე მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის კანაფის საინფორმაციო კამპანიას გაუძვღეს მეუფე იაკობმა მას კანაფის დეოფალი უწოდა. მეუფე პეტრემ კი ქადაგებისას აღნიშნა, რომ ომის საქართველოს მიერ დაწყების ბრალდება ქვეყნის მტრობაა.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მოუწოდა მღვდლებს თავი შეეკავებინათ პოლიტიკოსების არაკორექტულად მოხსენიებისგან.

ეკლესია კანაფის წარმოებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

სასულიერო პირები და საპატრიარქო აქტიურად იყვნენ ჩართული მთავრობის ახალი კანონპროექტის კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

საპროტესტო პარაკლისებისა და პატრიარქის ქადაგების შემდეგ, კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქოც ჩაერთო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საპარიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს. პარლამენტმა კი კანაფის კონტროლის კანონპროექტის განხილვა გადაავადა.