ჩვენი მკითხველისთვის ახალი ამბავი არ იქნება, რომ წყევლის შემქმნელებმა ახალი საშინელებათა ფილმი, The Nun (მონაზვნის წყევლა) გადაიღეს. თუმცა, ფილმს ქუთაისის კინოთეატრში შეზღუდვები დაუწესეს, ლიბანში კი საერთოდ აკრძალეს.

ფილმის პრემიერას მოუთმენლად ელოდა მაყურებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან კრიტიკოსების ნაწილმა ის წლის ყველაზე საშიშ ფილმად რამდენჯერმე მოიხსენიეს.

ფილმისადმი ინტერესი მას შემდეგ გაორმაგდა, რაც YouTube-მა, ხალხის მოთხოვნით, ამ კინოსურათის ტრეილერი რეკლამებიდან ამოიღო.

ასეა თუ ისე, ფილმის პრემიერა შედგა და კინოგაქირავების ჰიტადაც იქცა. მონაზონის წყევლა არც ისეთი საშიში გამოდგა, თუმცა ამის მიუხედავად, მან $233 მილიონზე მეტი შემოსავალი დააგროვა.

სავარაუდოდ, ფილმის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდათ ლიბანელ კინომანებსაც, თუმცა მათ ეს ბედნიერება წილად ვერ ხვდათ, რადგან მთავრობისა და სასულიერო პირების გადაწყვეტილებით მონაზვნის წყევლა მათ ღირებულებებს არ შეესაბამებოდა.

ლიბანის მსგავსად, ფილმზე შეზღუდვები დაუწესეს ქუთაისელ მაყურებლებსაც.

ქუთაისში მდებარე კინო საქართველოს მიაჩნია, რომ ფილმი მონაზვნის წყევლა "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს" და ამ მიზეზით ქართულად დუბლირებულ ვერსიას მაყურებელს არ შესთავაზებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კინო საქართველოს მიაჩნია ფილმი "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს" და ამ მიზეზით ქართულად დუბლირებულ ვერსიას არ გაუშვებს, იმავე ფილმის ნახვა მაყურებელს კინოთეატრში რუსულად და ინგლისურად შეუძლია.