ქუთაისში მდემარე კინო საქართველოს მიაჩნია, რომ ფილმი "მონაზვნის წყევლა" "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს" და ამ მიზეზით ქართულად დუბლირებულ ვერსიას მაყურებელს არ შესთავაზებენ. კინოთეატრის გადაწყვეტილება ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

"ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე", — აღნიშნულია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კინო საქართველოს მიაჩნია ფილმი "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს" და ამ მიზეზით ქართულად დუბლირებულ ვერსიას არ გაუშვებს, იმავე ფილმის ნახვა მაყურებელს კინოთეატრში რუსულად და ინგლისურად შეუძლია.

On.ge-ს სურდა კინოთეატრის ადმინისტრაციისთვის ეკითხა:

  • რატომ მიჩნიათ, რომ ფილმი რელიგიურ გრძნობებს ლახავს;
  • თუ ფილმით რელიგიური გრძნობები ილახება, მაშინ რატომ სთავაზობენ ინგლისურ და რუსულ ენაზე.

On.ge-მ კინოთეატრის ადმინისტრაციასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ცხელი ხაზის ოპერატორი ამბობს, რომ არ შეუძლია ადმინისტრაციასთან დაკავშირება, ფეისბუქის ფეიჯის ადმინისტრატორი კი აცხადებს, რომ მათთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან პრესსამსახური არ ჰყავთ, ხელმძღვანელები კი საქართველოში არ არიან.

კინოთეატრში რეპერტუარზე პასუხისმგებელმა პირმა, ქრისტინა ბერნარდმა On.ge-ს განუცხადა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლებს.