საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციებით მიმართა. ომბუდსმენმა გუშინ, 19 სექტემბერს მოთხოვა, რომ ამ საკითხზე პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში სხვა საკითხებთან ერთად საგამოძიებო კომისიის ორი რეკომენდაცია შევიდეს.

ომბუდსმენის რეკომენდაციები

  • დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულზე და იმ პირების მიმართ, რომლებმაც გამოძიებაზე არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს;
  • დაიწყოს მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მკვლელობაში მონაწილეობისთვის.

"სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს – საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ვალდებულება დაუდგინოს", — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ივლისში სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურორსაც მიმართა.

პარლამენტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა არგუმენტირებულია.