ქუთაისის საკრებულოში პარტია ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, დეპუტატები ერთმანეთს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დაუპირისპირდნენ.

უწყების ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყების მიზეზი ის პოსტი გახდა, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი უკლება ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

თავად უკლებას თქმით, მსგავს პოსტებს ხშირად წერდა. შემთხვევა, მისი აზრით, გუშინდელმა, 18 სექტემბერს დაწერილმა სტატუსმა გამოიწვია, რომელშიც ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ფეისბუქზე შეცდომით იაკობ ნიკოლაძის ნაცვლად ნიკო ნიკოლაძე დაწერა.

ფოტო: გიორგი ჭიღვარია / გიორგი უკლება / Facebook

"რაც შეეხება იმ პოსტს, რომელზეც ესენი [საკრებულოს წევრები] პედალირებას აკეთებენ, ის არის 10 დღის წინანდელი, იმ პოსტის შემდეგ მათთან კომუნიკაცია მქონდა, გუშინწინ სემინარზეც ერთად ვიყავით და პრობლემა ურთიერთობაში მათ ჩემთან არ ჰქონიათ, პირიქით, იყო თანამშრომლობა", — განუცხადა დეპუტატმა On.ge-ს.

უკლებას თქმითვე, შემთხვევის დროს, დაახლოებით, 15-20 ადამიანი ურტყამდა და ამაში ჩართული იყვნენ საკრებულოს დეპუტატები და, სავარაუდოდ, მერიის თანამშრომლები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავს საკრებულოს სხვა წევრს, ვალერი კლდიაშვილსაც დაესხნენ. იმერეთის ახალი ამბების სააგენტო დაპირისპირების ვიდეომასალასაც ავრცელებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელაიას თქმით, ოპოზიციური პარტია მათ მიმართ პროვოკაციებს მუდმივად ახორციელებს.

"პროვოკაციები სხვადასხვაგვარია, მათ შორის ეს იყო სოციალურ სივრცეში კონკრეტული დეპუტატის მხრიდან სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა ამომრჩეველს აგინებდა. ამაზე საზოგადოებას გარკვეული რეაქცია გააჩნდა," — განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, პოლიციამ გამოკითხვაზე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე დაიბარა.