მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირების კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ეკლესია ასეთ დონეზე არ უნდა ერეოდეს საარჩევნო კამპანიაში.

ზურაბიშვილის თქმით, მეუფე იაკობს, რომელმაც მას კანაფის დედოფალი უწოდა, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და კითხვის ფორმულირება დამახინჯებული იყო. რაც შეეხება მეუფე პეტრეს კრიტიკას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ ადამიანს არ ეკადრება და მითუმეტეს მეუფეებს.

"მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

რადენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კანაფის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას გაუძღვება.

"რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვებს უსმინონ. კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება", - განუცხადა მეუფე იაკობმა რუსთავი 2-ს.

ჭყონდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ კი განაცხადა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს კეთილდღეობას ვერ მოუტანს და ქართველ ამომრჩეველს ღმერთი არ უნდა გაუწყრეს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთოს.

"ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება.

მე მიმაჩნია და ვფიქრობ და მინდა ვირწმუნო, რომ როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს, ქალს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი. ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე", — განაცხადა პეტრე ცაავამ.