საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მარიხუანის სამედიცინო მიზნით კულტივირების კანონპროექტს და განაცხადა, რომ ეკლესია იმავე პოზიციაზეა და ისევ ეწინააღმდეგება კანაფის მოყვანა-რეალიზაციას. ისინი ამბობენ, რომ სოციალურ ქსელსა და მასმედიაში ვრცელდება საწინააღმდეგო ინფორმაცია, რომ კანონპროექტთან მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან დაპირისპირებული.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას", — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამასთან, მათი პოზიციით, კანაფის მოყვანა-რეალიზაციის შედეგები მოსახლეობისთვის "მეტად სავალალო" იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კონტროლის შესახებ ახალი კანონპროექტი შექმნა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა და ის მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს.

კანონპროექტს სამღვდელოების მხრიდან პროტესტი და აქციები მოჰყვა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გადაავადა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. გადავადება ნიშნავს, რომ კანონპროექტის საკომიტეტოს განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაიწყება. უცნობია გადავადების ზუსტი დროც.