ალბათ ფიქრობთ, რომ ატომებს შორის ქიმიური ბმების წარმოქმნისთვის ორი ატომია საჭირო და გგონიათ, რომ ერთი ატომით ქიმიური ბმის ჩამოყალიბება შეუძლებელია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ საპირისპირო დაამტკიცეს.

კვლევა რიდბერგის ატომებს ეხება, ეს ისეთი ატომებია, რომელთაც ერთი მაღალენერგეტიკული ელექტრონი გააჩნიათ. ეს ატომები ხშირად სპეციალურ მოლეკულებს, ტრილობიტებს ქმნიან, რომლებიც ელექტრონის განსაკუთრებულად ფართო ორბიტით ხასიათდებიან.

ამ განსაკუთრებულმა ორბიტამ, რომელიც ტრილობიტის მოლეკულების შექმნაში მონაწილეობს შესაძლებელია რიდბერგის წყალბადის ატომებს მიანიჭოს თვისება, რომელიც მათ სივრცეში არსებულ რაიმე წარმოსახვით წერტილთან ქიმიური ბმის შექმნის საშუალებას მისცემს.

"არაფერთან" შექმნილმა ქიმიურმა ბმაბ შეიძლება ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში იარსებოს, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს სავსებით ნორმალურია.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ბმა რამდენიმე ასეული მიკროწამის განმავლობაში გაძლებს, შემდეგ კი გაქრება," - ამბობენ მეცნიერები.

მეცნიერთა გუნდი ხსნის, რომ ასეთი ბმის შექმნის დროს რიდბერგის ატომებში არსებული მაღალენერგეტიკული ელექტრონი "ტყუვდება" და ის ცოტა ხნის განმავლობაში ისე იქცევა, როგორც მეორე ატომის არსებობის შემთხვევაში მოიქცეოდა.

ამ დროისთვის ეს ყველაფერი ჰიპოთეზაა, მეცნიერებმა ასეთი ბმის არსებობა მათემატიკური გამოთვლებით ივარაუდეს.

"ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს სავსებით შესაძლებელია და ეს თეორიულად უკვე დავამტკიცეთ," - ამბობს კვლევის ავტორი.

მეცნიერების თქმით, შედეგების ექსპერიმენტალურად დადასტურების შემთხვევაში ამ პროცესს შეიძლება მრავალი სხვადასხვა გამოყენება ჰქონდეს.