საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 14 სექტემბერს, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi-ში კომპანია სოკართან თანამშრომლობის 10 წლის იუბილე აღნიშნა.

2008 წელს დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ ქართულმა ჭადრაკმა საგრძნობი წინსვლა განიცადა. განვლილი 10 წლის განმავლობაში მოჭადრაკე ვაჟებმა და გოგონებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ პერიოდში ორი უდიდესი შეჯიბრი მოიგო: 2008 წელს დრეზდენში გამართული საჭადრაკო ოლიმპიადა და 2015 წელს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი.

ქართველი მოჭადრაკეების მიერ ამ პერიოდში ოფიცილურ ღონისძიებებზე სულ მოპოვებულია 239 სინჯის მედალი. მათ შორის: ოქრო - 81, ვერცხლი - 84, ბრინჯაო - 74.

სოკარი ქართული ჭადრაკის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს და ამჯერად ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახლავთ, რომელიც 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 180 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი ეწვევა.

თანამშრომლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე ამშვენებდნენ, ისევე როგორც სხვა, არანაკლებ წარმატებული მოთამაშეები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ნონა და ქალბატონი მაია ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩებიც არიან.