არასამთავრობო ორგანიზაციები ხორავას საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას არგუმენტირებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პარლამენტმა და შესაბამისმა ორგანოებმა დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები უნდა გაიზიარონ. მათი განცხადებით, ეს ქმედება გამოძიების სათანადოდ წარმართვასა და მსგავსი შემთხვევების მომავალში პრევენციას შეუწყობს ხელს.

"სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებელ უწყებათა უმოქმედობა და აღნიშნული კომისიის მიგნებების და რეკომენდაციების მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის საგნად ქცევა გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტის 95 წევრის მხარდაჭერილი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტით საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის ჩაქრობას და არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე", — წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები აღნიშნულ უწყებებს სხვა მოთხოვნებითაც მიმართავენ:

  • გამოძიების ხარისხისა და ობიექტურობის გაზრდის მიზნით გაატარონ საკანონმდებლო ცვლილებები საგამოძიებო და სამართალდამცავ სისტემაში. ამასთან, სასკოლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტების პრევენციის მიზნით გადადგან ნაბიჯები;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების ქმედებების გამოძიება. ასევე, ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები დადგინდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კომისიის უმრავლესობის ოპოზიციით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი კომისია პოლიტიკისგან ვერ იქნება დაცლილი, დასკვნა მათ მიერ დასახულ მიზანს პასუხობს.

"კომისიის საქმიანობის პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, დანაშაულის ობიექტური და ხარისხიანი გამოძიების მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, რომელიც დაუყოვნებლივი და ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI);
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
საზოგადოება და ბანკები;
მედიის განვითარების ფონდი;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი.

ამავე თემაზე: 78-გვერდიანი დოკუმენტი და 32 რეკომენდაცია — საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულად