მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ფილტვებიდან პლაცენტაში შეიძლება მოხვდეს.

ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი ორსულობასა და ჩანასახის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა რა მექანიზმებით ხდება ეს, უცნობია. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლონდონში მცხოვრები ორსული დედების პლაცენტებში მურის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რომლის წყაროც დაბინძურებული ჰაერია. მეცნიერების თქმით დიდი შანსია, რომ ნაწილაკები პლაცენტის გარდა ჩანასახშიც ხვდებოდნენ.

"ეს ძალიან დიდი პრობლემაა. დაბინძურებული ჰაერის სუნთქვას ჩანასახის ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვს. თუ თქვენ ორსული ხართ უმჯობესია, რომ ძლიერად დაბინძურებულ ადგილებში გადაადგილება მაქსიმალურად შეამციროთ," - ამბობენ კვლევის ავტორები.

აქამდე ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ ჰაერის დაბინძურება ნაადრევად დაბადებასა და ახალშობილის დაბალ წონას იწვევს, რაც ბავშვს სიცოცხლის განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. დეკემბერში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელშიც 500 000 ახალდაბადებული შეისწავლეს ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეცნიერები ამობენ, რომ ამ ყველაფრის გამო ცოტა ხანში შესაძლოა კატასტროფის წინაშე დავდგეთ.

ჰაერის დაბინძურება ორგანიზმს მრავალ სხვადასხვა პრობლემას უქმნის. აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევით დადგინდა, რომ ჰაერის დაბინძურება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას იწვევს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხუთი არამწეველი ქალის პლაცენტა შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელი ბავშვები ეყოლათ. მეცნიერებმა პლაცენტიდან იმუნური სისტემის უჯრედები, მაკროფაგები გამოყვეს. მათი ფუნქცია ორგანიზმში არსებული უცხო სხეულებისა და სხვადასხვა პათოგენების შთანთქმაა. მეცნიერები მაკროფაგებს მიკროსკოპებით დააკვირდნენ და მასში მურის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

ამ ყველაფრის საბოლოო დადასტურებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მეცნიერები მიღებულ შედეგებში თითქმის დარწმუნებულნი არიან.

"ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით შესაძლებელია თუ არა, რომ მურის ნაწილაკებმა საშვილოსნოდან ჩანასახშიც შეაღწიონ, ჩვენი გათვლებით ეს სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ნაწილაკებს ჩანასახზე უარყოფითი გავლენის მოხდენა მასში შეღწევის გარეშეც შეუძლიათ," - ამბობენ მეცნიერები.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო.