მმართველის გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. საარჩევნო შტაბის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

"საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყოო, ცხადია, რუსეთმა და რატომო? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, რომ ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

შტაბის გახსნის პარალელურად საზოგადოების ნაწილმა ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ბანერებზე ეწერათ: "მოღალატევ", "აფხაზეტი და ოსეთი საქართველოა", "რუსეთი ოკუპანტია".

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო არის დამნაშავე:

"არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. სიტყვებს აქვს რაღაც თავისი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ცოტა ძნელი გასაგები, ვამბობ, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული".

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს პირველად მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", — თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ტოკ-შოუ რეაქციაშიც ისაუბრა 2008 წლის ომზე და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპონენტებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის [7:15] 12,774 ხელმომწერი ყავს. მოქალაქეთა ნაწილმა კი დაიწყო ფლეშმობი #ნუყიდისაქართველოს. ისინი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის 30 თეთრს რიცხავენ და დანიშნულებაში უთითებენ "30 ვერცხლის ნაცვლად".

გაიგეთ მეტი: