კანაფის კულტივაციაზე ეკლესიასთან კონსულტაციები გრძელდება — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საპატრიარქოს განცხადებით, ილია მეორემ და შეხვედრაზე დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც კულტივაციის ლიცენზირება გამოიწვევს.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა სასულიერო პირებმა რადიკალური განცხადებები გააკეთეს. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა მღვდლებმა და სხვა სასულიერო პირებმა მარიხუანის ლეგალიზაციისა და კანაფის კულტივაციის წინააღმდეგ ღია ცის ქვეშ პარაკლისი ჩაატარეს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.

საკრებულოს წინ სასულიერო პირების მიერ შემუშავებული "ორი გამოსავალი" წაიკითხეს:

  • კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანების ქმედებას;
  • არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი.

16 სექტემბერს კი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კურთხევით სამღვდელოება სამების ტაძარში შეიკრიბა, სადაც ილია მეორემ მარიხუანის ლეგალიზაციასა და კანაფის კულტივაციის საფრთხეებზე ისაუბრა.

სამების ტაძარში ქადაგების დაწყებამდე კობახიძემ განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციისა და რეალიზაციის კანონპროექტს პარლამენტი ჯერ არ განიხილავს, რადგან "არსად ეჩქარებათ" და საჭიროა საზოგადოების, მათ შორის ეკლესიისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მისი თქმით, კულტივაციის საკთხზე საპატრიარქოსთან ფართო კონსულტაციები გაიმართება და საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს.

განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციაზე საპატრიარქოსთან ფართო კონსულტაციები გაიმართება. მისივე თქმით, ეკლესიას არავითარ შემთხვევაში არ მოუწევს არაფრის დათმობა.

ქადაგებაზე პატრიარქმა აღნიშნა, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა და ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს. მისი თქმით, საზოგადოებას ამ მღელვარების გამო არ უნდა ეგონოს თითქოს ხელისუფლებას გული არ შესტკივა ქვეყანაზე. ილია მეორემ მოუწოდა მთავრობას ყურადღებით მოეკიდონ და გააკონტროლონ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის საკითხი. მისი თქმით, ეს ბიზნესი არ უნდა გადავიდეს კერძო სექტორში, რადგან მას ვეღარ გააკონტროლებენ.