საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კანაფის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას გაუძღვება.

"შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ ერთ ლიცენზიას ეგეც აიღებს. როცა ახალგაზრდობაში ფეხბურთს ვთამაშობდით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ ამას ვიზამ, იმას ვიზამო. კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო - ვეტყოდით ხოლმე. რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვებს უსმინონ. კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება", - განუცხადა მეუფე იაკობმა რუსთავი 2-ს.

ქართული ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ადამიანი თავისუფალია, თუმცა თავისუფლება უნდა იყოს "ძალიან რეგლამენტირებული". ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი მარიხუანის მოხმარების რეგლამენტირებასთან დაკავშირებით.

"ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცულნი ზოგჯერ თავისი თავის მიმართ. ვიქნები სათავეში ამ საინფორმაციო კამპანიის", - ამის შესახებ ზურაბიშვილმა P.S-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კულტივაციის რეგულირებისთვის ახალი კანონპროექტი შექმნა. კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის საჭირო რეგულაციებს სპეციალური სააგენტო გასცემს.