ზაზა სარალიძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. სარალიძის თქმით, ინიციატივა პატრიარქს ეკუთვნის. მისივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გაიმართება.

სარალიძე პატრიარქს რამდენიმე თვის წინ შეხვდა, შეხვედრის სურვილი სარალიძემ თავად გამოთქვა. მაშინ სარალიძემ საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა.

პარლამენტთან აქცია #მამებისიმართლისთვის განახლდა. აქცია უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. გუშინ, 15 სექტემბერს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

შიმშილობის პერიოდში სარალიძე მეორედ გახდა შეუძლოდ. ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სარალიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. სარალიძემ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა დღეს On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ შიმშილობა გააგრძელა.

"არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებ, მაგრამ შიმშილობას ვაგრძელებ. აქციებიც გრძელდება", — განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მეექვსე დღეა შიმშილობენ. სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელისა და იმ ადამიანების დასჯას, ვინც მკვლელს ხელს აფარებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი არ იყო დაკავშირებული ტერორისტებთან და სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

ზაზა სარალიძემ აქციები 10 სექტემბერს მას შემდეგ, განაახლა, რაც პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა გორის რაიონის, სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მამა.