მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მღელვარებაა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ ხალხს არ უნდა ეგონოს, რომ მხოლოდ მათ შესტკივათ გული სამშობლოსთვის და მთავრობას არა. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"აი ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკები ძალიან საშიშია", - განაცხადა პატრიარქმა.

გუშინ, სასულიერო პირების ნაწილმა, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.

მან საკრებულოს წინ სასულიერო პირების მიერ შემუშავებული "ორი გამოსავალი" წაიკითხა.

  • კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანების ქმედებას.
  • არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი.

პარაკლისს წინ უძღოდა შეხვედრა საპატრიარქოში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის კონტროლის საკითხს უკავშირდებოდა.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს არავინ აპატიებს. მეუფე ანტონიმ კი ტოკ-შოუ რეაქციაში "სანთლების რევოლუცია" დააანონსა.

სასულიერო პირებმა აქამდეც გამართეს საპროტესტო აქცია. მათ გააპროტესტეს მარიხუანის ლეგალური მოხმარების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და ბათუმში, გამართულ აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს. პატრაირქმა კი განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის ერის მტრობა.

გაიგეთ მეტი: