შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტი 131 გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე 10 კანონში გამოიწვევს ცვლილებას.

კანონპროექტი სულ 29 მუხლისგან შედგება და მცენარე კანაფის კულტივაციისა და კანონით დასაშვები სხვა საქმიანობების პირობებსა და წესებს არეგულირებს.

კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტის მიხედვით, ირკვევა, რომ:

  • დასაშვები იქნება კანაფის მხოლოდ სამედიცინო და სამრეწველო მიზნებისთვის მოყვანა, გადამუშავება, გადაზიდვა, პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, თესლის/ნერგის იმპორტი;
  • სამრეწველო მიზნებისთვის რეალიზაციაში იგულისხმება მხოლოდ პარფიუმერულ-კოსმეტიკური მიზნები;
  • დაუშვებელია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია.

კანაფის კონტროლის სააგენტო

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლზე, გასცემს ლიცენზიებს და გააკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვის საკითხს. სააგენტო იქნება პასუხისმგებელი სამართალდარღვევების პრევენციაზე, მათ გამოვლენასა და რეაგირებაზე. ასევე ვალდებული იქნება აწარმოოს საინფორმაციო კამპანია "ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით" და მოამზადებს დოკუმენტს საქართველოში ნარკომანიის გავრცელებაში მცენარე კანაფის/მარიხუანის გავლენის შესახებ.

სააგენტოს ხელმძღვანელს დანიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრი. სააგენტო ვალდებული იქნება მთავრობასა და პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს .

სალიცენზიო საქმიანობა

კანონპროექტი 10 ტიპის სალიცენზიო საქმიანობას გამოყოფს:

  1. სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;
  2. სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;
  3. სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;
  4. სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;
  5. მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია;
  6. მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია;
  7. სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ლიცენზია;
  8. სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;
  9. სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია.

ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით, ხოლო ლიცენზიის მოპოვება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. ლიცენზია გაიცემა ან აუქციონის წესით ან პირდაპირი წესით მთავრობის მიერ.

მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს დათესვა-კულტივირების და წარმოების შიდა კვოტებს, დასაშვებ ტერიტორიებსა და ჯიშებს. კვოტაზე მეტი კანაფის მოყვანის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნამატი გადასცეს უსასყიდლოდ სააგენტოს, განადგურების მიზნით.

ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი ასევე ვალდებულია მის ხელთარსებული მცენარე-კანაფი გადასცეს სააგენტოს გასანადგურებლად.

დაუშვებელია

  • პროექტის მიხედვით, თუ მეწარმე სუბიექტს მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია აქვს, ეკრძალება გადამუშავება და ექსპორტი;
  • მას, ვისაც გადამუშავების უფლება აქვს ეკრძალება პარფიუმერულ-კოსმეტიკური ან ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება;
  • გადაზიდვის ლიცენზიის მქონე სუბიექტს კი ყველა სხვა სახის სალიცენზიო საქმიანობა ეკრძალება;
  • დაუშვებელია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია;
  • დაუშვებელია საგანმანათლებლო და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია, გადამუშავება, შენახვა, წარმოება;
  • დაუშვებელია ლიცენზიის სხვა პირებისთვის გადაცემა;
  • აკრძალულია მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა და ისჯება 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

უსაფრთხოების წესები

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ კანაფის გადამუშავების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. ასევე მთავრობა ადგენს გადაზიდვის უსაფრთხოების წესებსაც.

კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია დასაშვები იქნება, მხოლოდ დახურულ დაწესებულებებში და წარმოებული პროდუქციაც დახურულ შენობაში უნდა შეინახონ.

შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე. შენობებში შესვლა-გამოსვლა მკაცრად რეგულირებული იქნება ( ლიცენზიის მფლობელმა პირადობა, ელექტრონული ჟურნალის ჩანაწერები, საშვები და სხვა ტიპის დოკუმენტაცია მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა შეინახოს. ვიდეოთვალის მიერ განხორციელებული ჩანაწერები კი - არანაკლებ ერთი თვის ვადით.

მცენარე კანაფის გადაზიდვა დაცვის თანხლებით უნდა განხორციელდეს. იკრძალება მისი სხვა ტვირთთან ერთად გადაზიდვა, აკრძალულია გადაგზავნა, მათ შორის ფოსტით.

მცენარე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის დროს კანაფის სურნელი ჰაერში არ უნდა გავრცელდეს. სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000-დან 100 000 ლარამდე.

მარიხუანის სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა

კანონპროექტის მიხედვით საქმიანობის განხორციელებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი ლიცენზიის ყველა ტიპის შემთხვევაში 25 000 ლარი იქნება. ლიცენზიისთვის თანხის ოდენობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით ჯერ განსაზღვრული არ არის.

აღნიშნული ცვლილებები კანონში 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.