ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩანაწერი შევიდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილის განმარტავს, ინიციატორები აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა, ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია:

"მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში ორშაბათს 3 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ამ ინიციატივის ავტორები არიან ნინო ბურჯანაძე და სხვები".

უსუფაშვილის თქმით, ინიციატივას ექნება განხილვის საშუალება, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მისივე თქმით, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესებით სპეკულირება დაუშვებელი და მიუღებელია.

"ორშაბათს ბიუროზე არავის არ შევუქმნით პრობლემას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულებად ქცევა ყველაფრის, მათ შორის საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების, არის დაუშვებელი და მიუღებელი".

უსუფაშვილმა კოლეგებსაც მიმართა და კონსტიტუციის პრეამბულაში უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგო ჩანაწერის გაკეთების ინიციატივაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების შეტანის ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ქვეყნის სწრაფვას განსაზღვრავს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ:

"ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში, ამიტომ გადავწყვიტე მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის. იმ ცვლილების, რომელიც სჭირდება საქართველოს მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და მის კეთილდღეობას. კერძოდ კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო დაემატოს ფრაზა: დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში".