საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ გავრცელებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ქსენოფიბიური გამოთქმების შესახებ, თავის ფეისბუქგვერდზე ეხმაურება.

სააკაშვილი TDI-ის ყალბი განცხადების გავრცელებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსად დემოკრატიული ბინადრობის უფლების გაცემა.

"ეს ორგანიზაცია თავად არის ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ერთხელ არ ამოუღია ხმა ქართული სახელმწიფოს შემქმნელის პოლიტიკურ დევნაზე და იმაზე, რომ მე საქართველოში არ მიშვებენ... რას ნიშნავს "სელექციურად არის მონაცემები?". ესე იგი, მონაცემების სისწორეში ეჭვი ვერ შეაქვთ.. ეს განცხადება ყალბია თავიდან ბოლომდე. თუ ირანელი, თურქი ან ჰოლანდიელი ქართველებს დაასაქმებს მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, რა თქმა უნდა, ღირს ბინადრობის მოწმობის მიცემის განხილვა და თუ შემოვა და მაღაზიის გამყიდველად, ან ელექტრიკოსად დაიწყებს მუშაობას და ამით ადგილობრივის სამუშაო ადგილს წაიღებს, ნაშოვნ ფულს მთლიანად უცხო ქვეყანაში გადარიცხავს-დიახაც, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთი მიგრანტების შემოყვანა. დიახაც, არასწორია, რომ მათ უშვებენ და მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

TDI მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური კოალიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა შეიცავს მიზანმიმართულ ქსენოფობიას, აღვივებს საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ადამიანების წინააღმდეგ შეუწყნარებლობას. ორგანიზაცია, წერს, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა რადიკალური, ფაშისტური და რასისტული ჯგუფის გამრავლებისა და არატოლერანტული განწყობების გაძლიერების ფონზე.