ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მიზანმიმართულ ქსენოფობიას შეიცავს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების აღვივებს საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ადამინების წინააღმდეგ შეუწყნარებლობას.

TDI განმარტებით, სააკაშვილის განცხადებები შეიცავს დაუზუსტებელ ინფორმაციას და ახდენს კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების სტიგმატიზებას.

ინსტიტუტი თავის მაგალითად მოჰყავს სააკაშვილის ერთ-ერთი განცხადებაში, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის მქონე პირებს "ქართველების სამუშაო ადგილები მიაქვთ":

"2016 წელს 9 700 მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, ბინადრობის დროებითი ნებართვაა გაცემული. აქედან 20% დასაქმდა დაბალი კვალიფიკაციის სამშენებლო სამუშაოებზე, 20% ავტოტრანსპორტის შემკეთებლად და მექანიკოსად, 11% მმართველ დირექტორებად და მთავარ აღმასრულებელ თანამდებობებზე, 7% - მძღოლებად", — ამბობდა სააკაშვილი.

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, მასში სელექციურად არის შერჩეული მონაცემები და მცდარია:

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არ არის დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. შესაძლოა, სამშენებლო საქმიანობა მოიცავდეს საინვესტიციო ბინადრობის მიღების კომპონენტსაც, თუმცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისთვის საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი 300 ათასლარიანი ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნა. ამასთანავე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის მუდმივი ბინადრობის ტიპების კატეგორიას და არა დროებითს".

როგორც TDI განმარტავს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცა სულ 15 510 განმცხადებელზე. მათ შორის, წარმოშობით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არის 1 584, ხოლო წარმოშობით თურქეთის რესპუბლიკიდან 2 230 დროებითი ბინადრობის ნებართვის მიმღები.

ინსტიტუტი განმარტავს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას: "მარგველაშვილმა მე ჩამომართვა მოქალაქეობა. სამაგიეროდ, 5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია".

IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზის თანახმად, 2005-2013 წლებში მოქალაქეობა მიენიჭა ირანის 425 მოქალაქეს, ხოლო, 2014-2017 წლებში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა ირანის 228 მოქალაქეზე, რაც ამ წლებში მოქალაქეობის მიმღებთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1 %-ს შეადგენს.

TDI მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა რადიკალური, ფაშისტური და რასისტული ჯგუფის გამრავლებისა და არატოლერანტული განწყობების გაძლიერების ფონზე.