მშვილდ-ისრით შეიარაღებული მონადირე გახვითქულ, სუბ-საჰარულ სავანაში დიდ, უცნაურ ცხოველს უდგას კვალში. მისი მოკვლისა და გატყავების შემდეგ ის და ტომის სხვა წევრები ოჯახებში ნანადირევით ბრუნდებიან და ზეიმობენ.

ალბათ, ეს ფიქსირებული სურათი მოგვდის თავში ყოველ ჯერზე, როცა ადრეული ადამიანების ყოველდღიურობას წარმოვიდგენთ. ესაა დრამითა და ხიფათით სავსე სურათი, რომელიც თანხვედრაში მოდის შრომის გადანაწილების დასავლურ იდეასთან ისევე, როგორც ოჯახის იმ მოდელთან, რომელიც გავრცელებული იყო მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, როცა ე.წ. კაცი - მონადირის თეორია ჩამოყალიბდა.

თუმცა, ახალმა თეორიებმა და კვლევებმა (ძირითადად ქალების ავტორობით) სულ სხვანაირი სცენარი შემოგვთავაზა და ის ჰოლივუდურ ბლოკბასტერზე მეტად ჰიფსტერული ინდი-ფილმის სცენარს უფრო გავს. მთავარ როლში? ბებიაშენი.

კრისტენ ჰოუქსი იუტას უნივერსიტეტის პროფესორია. ის წარსულის კვლევას ისეთი თანამედროვე მონადირე-შემგროვებელ ტომებზე დაკვირვებით ცდილობს, როგორიც ჰაძას ხალხია. ისინი ახლანდელი ჩრდილოეთ ტანზანიის ტერიტორიაზე ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ და მეტნაკლებად ზუსტ წარმოდგენას გვიქმნიან იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი ადრეული წინაპრები.

ჰაძას მონადირე ტანზანიაში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მონადირეები მხოლოდ შემთხვევათა 3.4%-ში ბრუნდებოდნენ ნადავლით ხელში.

ფოტო: Nigel Pavitt/Getty Images/AWL Images

ჰოუქსი და მისი კოლეგები დიდი ხნის განმავლობაში საველე პირობებში აკვირდებოდნენ ჰაძას ხალხს და იმას, თუ რა რაოდენობის საკვებს მოიპოვებდნენ ტომის წევრები. ჰოუქსი ამბობს, რომ როდესაც ისინი ცალკეული მამაკაცების ეფექტურობას აკვირდებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ დიდ ძუძუმწოვრებზე ნადირობა უმეტესად წარუმატებლად მთავრდებოდა: მონადირეები, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღე მიდიოდნენ სანადიროდ, შემთხვევების მხოლოდ 3.4 პროცენტში ბრუნდებოდნენ სახლში ნანადირევით. ეს კი ნიშნავდა, რომ (ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ საზოგადოებაში) მონადირის ჰიპოთეზა მნიშვნელოვნად იყო აცდენილი რეალობას. თუკი ჰაძას წევრები გარეული ცხოველების ხორცის მოპოვებაზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი, ისინი შიმშილით დაიხოცებოდნენ.

ჰოდა, თუკი მამამ შეშა არ მოგვიტანა, მაშინ ვინ მოიტანა? შემგროვებელი ქალების გარემოცვაში გატარებული დროის შემდეგ მკველვარებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ კალორიების უმეტესი ნაწილით ოჯახებს და თანატომელებს როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი შემგროვებელი ქალები უზრუნველყოფდნენ. ისინი ძირითადად ბოლქვისებრ წარმონაქმნებს მოიპოვებდნენ, რომლებიც, როგორც წესი, ღრმადაა ჩაფლული და რთული საპოვნელია. ის, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდებოდა დედა საკვები ნივთერებით სავსე ბოლქვების შეგროვებაში, პირდაპირ კორელაციაში იყო მისი შვილის ზრდის პროცესთან, თუმცა, როდესაც დედას მეორე შვილი შეეძინებოდა, მოულოდნელად სცენარი იცვლებოდა: პირვანდელი კავშირი ქრებოდა და ჩნდებოდა ახალი კორელაცია, ოღონდ ამჯერად ბავშვის ბებიის მიერ საკვების შეგროვების ტემპთან.

ჰაძას ტომის ქალი ბოლქვებს ეძებს

ფოტო: Nigel Pavitt / Getty Images / AWL Images

ჰოუქსი ამ აღმოჩენას გამაოგნებელს უწოდებს. როგორც ჩანს, ამ შემგროვებლურ საზოგადოებაში ბავშვების გამოკვებაზე დედა და ბებია ზრუნავდნენ და არა - კაცი მონადირეები.

ამ დაკვირვების შედეგად ჰოუქსმა მთლიანად გადაიაზრა ის, რაც აქამდე ადამიანების ევოლუციაზე იყო ცნობილი. ბებიები პირდაპირი გაგებით “ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნები” აღმოჩნდნენ ბავშვების. შეიძლება არაა შემთხვევითი, რომ ადამიანები ერთადერთი ჰომინიდები ვართ, სადაც ქალები რეპროდუქციულ ასაკზე ბევრად უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ. თუკი დამხმარე ბებიის ყოლა ბავშვის გადარჩენის შანსებს ზრდიდა, მაშინ ბუნებრივი გადარჩევა უფრო და უფრო ასაკოვან ქალებს მიანიჭებდა უპირატესობას (იგივე პრინციპი ვრცელდება მამაკაცებზეც).

სარა ჰერდი დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტში პრიმატოლოგია და ადამიანების ევოლუციასა და ბავშვის აღზრდას შორის კავშირებს იკვლევს. მას ბევრი აქვს ნაფიქრი და დაწერილი ამ საკითხზე. ის ამბობს, რომ “ჰომინიდი, რომელსაც ჩვენნაირი “ძვირად შესანახი” და ნელა მომწიფებადი შთამომავლობა ჰყავს, ვერ გადარჩებოდა, თუკი დედები მნიშვნელოვან დახმარებას არ მიიღებდნენ. ამ დამხმარეებს შორის, მისი აზრით, პირველ რიგში ბებიები უნდა მოვიაზროთ, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, შეუერთებოდნენ სხვებიც, მათ შორის მამები, დეიდები, ბიძები და და-ძმები.

თუკი პატარა ბავშვების გამოკვებაზე დედების გარდა სხვა ადამიანებიც ზრუნავდნენ, ჰერდის აზრით, ადამიანებში ევოლუციურად მივიღებდით იმ ღრმად სოციალურ ორიენტაციას, რომელიც ასე ახასიათებს ჩვენს სახეობას - გვადარდებდეს სხვების აზრი და დამოკიდებულება. “იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ამდენად კარგად გამოგვდის თანამშრომლობა, ხშირად ხსნიან იმით, რომ ჩვენ ეს გვჭირდებოდა ნადირობის დიდ თამაშში წარმატების მისაღწევად, ან იმისთვის, რომ კაცების ერთ ჯგუფს მოეხერხებინა მეორე ჯგუფთან დაახლოება, რათა მეზობელი ტომი ამოეწყვიტათ. თუმცა ეს მიდგომა არ ხსნის იმას, თუ რატომ ვლინდება ჩვენი ეს მახასიათებლები ამდენად ადრეულ ასაკში.”

ტანზანიელი ქალი შვილიშვილთან ერთად ჩრდილში ისვენებს 1995 წლის გვალვის დროს

ფოტო: James O'Connell

გარკვეულ სოციალურ ნიშნებს ბავშვები ჯერ კიდევ ფეხის ადგმამდე ავლენენ. მაგალითად, ისინი ყურადღებას აქცევენ ღიმილს ან მოღუშვას, შეუძლიათ ნივთების გაზიარება ან სხვადასხვა საგნებზე მითითება. პატარა ბავშვი პატარა შიმპანზეების, ბონობოებისა თუ ორანგუტანებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იზრდება. სხვა პრიმატებზე მხოლოდ მათი დედები ზრუნავენ და ისინი ცდილობენ, "ბავშვები" იზოლირებულად გაზარდონ და მათთან დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში სხვები არ მიუშვან.

ჩვენი სახეობის შემთხვევაში სხვა ზრდასრული ადამიანები ბავშვის ცხოვრებაში მისი დაბადებისთანავე არიან ჩართულები - ჯერ ეხმარებიან დედას, ხოლო შემდეგ თავადაც ზრუნავენ ბავშვის გამოკვებაზე. ჩვენ ერთადერთი ჰომინიდები ვართ, სადაც ასეთი რამ ხდება. ჩვენს ბავშვებში, როგორც ჰერდი ამბობს, შეიმჩნევა იმაზე ზრუნვა, თუ რას ფიქრობენ, გრძნობენ თუ აკეთებენ სხვები. ამას ვერ ნახავთ სხვა ჰომინიდებთან. იმის ცოდნა, თუ ვინ გატკენს, ვინ დაგეხმარება და როგორ მიაწვდინო ხმა ამ უკანასკნელს - შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

მაიკლ ტომასელომ, განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტმა, ბავშვებისა და პრიმატების კოგნიტური უნარების შედარებითი კვლევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სხვა ჰომინიდების მზაობა ან სურვილი, ითანამშრომლონ სხვებთან ან ვინმეს რამე გაუყონ, ახლოსაც ვერ მოვა ჩვენს ამ მახსიათებლებთან: "ცალკეულად აღებული ადამიანები არ არიან ბევრად უფრო გონიერები, ვიდრე სხვა პრიმატები. ჩვენ გამოგვარჩევს ჩვენი უნარი, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ვიურთიერთოთ, ვითანამშრომლოთ, ვისწავლოთ და ვასწავლოთ. ჩვენი ბავშვები თანამშრომლობასა და ზრუნვაზე არიან მომართულები, რაც უნიკალური მოვლენაა.

ტომასელო თავდაპირველად თვლიდა, რომ პრო-სოციალური მახასიათებლები ამზადებენ და უვითარებენ ბავშვებს იმ უნარებს, რომლებიც მათ ზდასრულ ასაკში დასჭირდებათ - რაც თანხვედრაში მოდიოდა “კაცი - მონადირის” ჰიპოთეზასთან. ახლა ის თვლის, რომ ჰერდის ჰიპოთეზა უფრო დამაჯერებლად ჟღერს - ბავშვები ამდენად სოციალურები იმიტომ არიან, რომ მათზე საზიაროდ ზრუნავენ სოციუმის სხვა წევრები.

შესაძლოა, სწორედ ეს "ერთმანეთის გატანის უნარი" გახდა იმის წინაპირობა, რომ გადავრჩენილიყავით, გავმრავლებულიყავით და დომინანტი სახეობა გავმხდარიყავით. სანამ კაცები ნადირებს დასდევდნენ, ბებიები და შვილიშვილები ჩვენი სახეობის წარმატების ფუნდამენტს აყალიბებდნენ და შთამომავლობას საჭმლის გაყოფის, თანამშრომლობისა და სოციალური კავშირების გაღრმავებისკენ მოუწოდებდნენ. ერთი სიტყვით, კაცობრიობის წარმატება შესაძლოა ცალსახად იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ზრდიდნენ ჩვენი წინაპრები ბავშვებს, რისთვისაც დიდი მადლობა ბებიებს.