გორის რაიონის, სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მამა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

მან გორში, საკრებულოს წინ გამართული აქციის დროს, სადაც სოლიდარობის ნიშნად ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ, საზოგადოებას მოუწოდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეერთდებოდა.

მერაბ მერებაშვილი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს. მისი პოზიციით, შვილი მოუკლეს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქმეს შეუსაბამო მუხლით იძიებს.

თორნიკე მერებაშვილის მამა ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევს და შემდგომ მაშტაბურ აქციებს აანონსებს.

ხელთუბნის მოსახლეობამ თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ეფექტური გამოძიების მოთხოვნით გადაკეტა. გზის გადაკეტვას სამართალდამცავები უშლიდნენ ხელს, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მერებაშვილი მოკლულია, თუმცა პოლიცია საქმეს უბედური შემთხვევის მუხლით იძიებს. მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 117-ე და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. მუხლები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, იმისთვის რომ კონკრეტული მიმართულება გამოიკვეთოს ჩანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახი აღნიშნული მუხლების მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.