ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც გორში 18 წლის ხელთუბნელი თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდნენ, პროტესტს პარლამენტთან გააგრძელებენ.

ადგილობრივი ჟურნალისტი გიორგი დვალიშვილი იტყობინება, რომ თორნიკე მერებაშვილის მამა ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევს და შემდგომ მაშტაბურ აქციებს აანონსებს.

მერებაშვილმა აქციაზე მყოფებს მოუწოდა შეუერთდნენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტს პარლამენტთან.

ხელთუბნის მოსახლეობამ თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ეფექტური გამოძიების მოთხოვნით გადაკეტა. გზის გადაკეტვას სამართალდამცავები უშლიდნენ ხელს, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მერებაშვილი მოკლულია, თუმცა პოლიცია საქმეს უბედური შემთხვევის მუხლით იძიებს. მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 117-ე და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. მუხლები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, იმისთვის რომ კონკრეტული მიმართულება გამოიკვეთოს ჩანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახი აღნიშნული მუხლების მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.