კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დირექტორი, ვახტანგ ლაღიძე სალომე ზურაბიშვილისთვის 50 ათასლარიანი შემოწირულობის გაცემის მიზეზებს განმარტავს.

ვახტანგ ლაღიძის თქმით, სალომე მისი ახლობელი და ძველი ნათესავია.

"მე ვიყავი მისი წარმდგენი საპრეზიდენტო კანდიდატად და ჩემი დანაზოგიდან თანხით შემოწირულობა განვახორციელე", - უთხრა On.ge-ს ვახტანგ ლაღიძემ.

მისი თქმით, შემოწირულობა კომპანია კოკა-კოლას პოზიციას არ გამოხატავს.

"ვიცი მისი შეხედულებები, ვიცი როგორი პრეზიდენტი იქნება და ამიტომ დავუჭირე მხარი. ეს ჩემი პირადი თანხა იყო. კოკა-კოლა არაფერ შუაში არ არის", - განმარტავს ვახტანგ ლაღიძე.

On.ge დაინტერესდა, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვახტანგ ლაღიძე, როგორც მისი მხარდამჭერი.

"ქართველებს არ დაუბომბიათ ქართველი მოსახლეობა, იყო ამაზე განმარტებები სალომესგან და სხვა პოლიტიკოსებისგან. რუსეთმა დაიწყო ომი. მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში ვომობთ და ამას არ უნდა მსჯელობა. მე არ მგონია სალომე ფიქრობდეს, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო, რაღაც გაუგებრობაა", - განმარტავს ლაღიძე.

2018 წლის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატების დაფინანსების შესახებ დეკლარაცია აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. დეკლარაციები 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით მდგომარეობას ეხება.