საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ელექტრონული პეტიციით [12:25] 7 695-ზე მეტი ადამიანი ითხოვს. პეტიიცს ავტორებს მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს.

"მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი", - წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერია მუსიკოსი გიორგი გაბუნია. მისი განმარტებით, თუ ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს მსგავსი რიტორიკით პრეზიდენტობის შემთხვევაშიც გააგრძელებს, ქვეყნის ერთიანობისთვის ეს დამაზიანებელი იქნება.

მსგავსი პოზიცია აქვს ფილოსოფოსს ლევან ღამბაშიძეს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოს ყველა მოქალაქე დაზარალდება.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 11 სექტემბერს გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ საქართველომ ცხინვალში თავისი მოსახლეობა დაბომბა და ეს ფაქტებითაა დასაბუთებული.

"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", — თქვა ზურაბიშვილმა.