საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში ეროვნული გამოცდების სისტემის გადახედვა იგეგმება.

ბატიაშვილის თქმით, არსებული სისტემა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეფასდება და სისტემის ახალი მოდელი 2020 წლისთვის დაინერგება.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში, რომელიც იყალთოს აკადემიის ეზოში წარადგინა, ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალი მოდელი დაინერგება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და კომპონენტებს - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა ხუთი მიმართულებით განხორციელდება. ეს მიმართულებებია:

სკოლამდელი განათლება;

  • ზოგადი განათლება;
  • უმაღლესი განათლება;
  • პროფესიული განათლება;
  • მეცნიერება და ინოვაციები.