"რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა. ჩვენ არ და ვერ გვექნება აგრესიული გეგმები", - BBC-ის ცნობით, ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფართომასშტაბიან წვრთნებზე ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას თქვა, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად, მის წინ დიდი სამხედრო შოუ მიმდინარეობდა.

1981 წლის შემდეგ რუსეთში, კერძოს აღმოსავლეთ ციმბირში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა 11 სექტემბერს დაიწყო, რაშიც 300 ათასი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.

მანამდე, წვრთნების შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს ყველაფერი მათი ქვეყნის მიმართ "არამეგობრული და აგრესიული" დამოკიდებულებების გამო ტარდება.

ნატოს პრესსპიკერმა, დილან ვაიტმა განაცხადა, რომ ნატო მონიტორინგს გაუწევს დაგეგმილ წვრთნებს, რათა ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდეს.

რუსეთსა და ნატოს შორის დაძაბულობამ 2014 წელს, უკრაინაში, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ პრო-რუსი მეამბოხეების მხარდაჭერის შემდეგ მოიმატა.

2008 წელს, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი დღესაც აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას. პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები.