შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 13 სექტემბრიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყო.

გურწიევსა და ტაბოევს არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა.

შსს-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში მათი იდენტიფიცირება მოხდება, საქართველოს მხარის მიერ გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ბრალდებულთა საქართველოში ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით.დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კომისიური დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური შედეგები გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს წამების კვალიფიკაცია დაუმძიმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გარდაცვალებიდან 26 დღეში, 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, მან იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ პოზიცია შეცვალა.