რუსთაველი გამზირზე, პარლამენტის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას მონაზონი შეუერთდა. დედა თამარმა სიტყვით გამოსვლისას შვილმკვდარ მამებს უთხრა, რომ ისიც მათთან ერთად აპირებს შიმშილობას:

"ჩემთვის უკვე 5 თვეზე მეტია საპატრიარქოს კარი ჩაკეტეს, არ მიშვებენ, ყველაფერი იცის პატრიარქმა, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცი არაფერზე... არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაშია უკანონობა, ძალიან დიდი უკანონობაა ეკლესიაშიც. მე თქვენთან ვარ და მზად ვარ თქვენთან ერთად მოვკდე".

აქცია სახელად #მამებისიმართლისთვის უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ შიმშილობას აგრძელებენ.

ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის აგრძელებს აქციას და პარლამენტთან იქამდე იდგება, სანამ "მკვლელი ხელისუფლება" პასუხისგებაში არ იქნება მოცემული.

"ინტერნეტსივრცეში ტელევიზიებში გაისმა, რომ პოლიტიკური არის აქცია და არ მივალთო. ეს არ არის პოლიტიკური აქცია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები, ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს აქ უნდა იყვნენ, მაგრამ ვერ ვხედავ ვერავის", - ამბობს ზაზა სარალიძე.

აქციების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიას მუშაობა დაასრულა და დასკვნები და რეკომენდაციები წარადგინა.

ქართულმა ოცნებამ დასკვნის საკუთარი ვერსია წარადგინა იმ მიზეზით, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და მას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ.