გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და უწყებიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.

მიმინოშვილი წერს, რომ მინისტრთან უთანხმოება არ ჰქონია და მისი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ახალი გუნდის შექმნის პრინციპს ემყარებოდა.

"ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება", - წერს მაია მიმინოშვილი.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2012 წელს დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდშიც გაათავისუფლეს.

განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლების მიზეზი მინისტრის პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი საგამოცდო სისტემის გამარტივების მომხრე იყო და მინისტრი მის აზრს არ იზიარებდა.

"როდესაც გადაწყვეტილების მიღებამდე მივდივართ, მანამდე შიგნით ვამბობ, ორგანიზაციაში, ვკამათობთ კიდეც, ერთმანეთის მოსაზრებებს ვუსმენთ, ათასჯერ ავწონით, გავზომავთ და მერე ვდგამთ ნაბიჯს. და თუ მე ბატონ დიმიტრი შაშკინს ჩემი რაღაცა კონკრეტული მოსაზრებები შევთავაზე, ასე ხომ არ ჯობია და ისე ხომ არ ჯობია, - და ჩემს კომპეტენციებს მე არასდროს არ ვცდებოდი, ყოველთვის საგამოცდო სისტემის გარშემო ვტრიალებდი, - ამას თუ არაჯანსაღ კამათს ეძახიან და ეს არის შეუთავსებლობა, ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის", - უთხრა 2012 წელს მაია მიმინოშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან 2018 წლის 10 სექტემბერს გაათავისუფლა. მასთან ერთად თანამდებობა დაატოვებინეს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, თამარ სანიკიძეს. ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, თემურ მურღულია და ლია გიგაური.

მაია მიმინოშვილი

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას 2002 წლიდან იკავებდა. 2007 წელს დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. 2008 წლიდან დღემდე ის კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.