რინოვირუსები გაციებისა და სხვა სასუნთქი გზების პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სასუნთქ გზებში არსებული ეპითელური უჯრედები პირველები არიან, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსთან ბრძოლას იწყებენ. უჯრედები ძირითადად ვირუსს მანამდე ანადგურებენ, სანამ ის გამრავლებას შეძლებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შემოჭრილი პათოგენი მსუბუქ ან სერიოზულ სიმპტომებსაც იწვევს.

მეცნიერებმა ჯანმრთელი ადამიანის ცხვირისა და სასუნთქი გზების ეპითელური უჯრედების ხელოვნურ კულტურაში რინოვირუსები შეიყვანეს და აღმოაჩინეს, რომ ცხვირის რეგიონიდან აღებულ ეპითელურ კულტურას ვირუსების წინააღმდეგ უფრო ეფექტური მოქმედება ახასიათებდა.

მკვლევარებმა უჯრედების ქცევა ვირუსისა და სხვა გამღიზიანებლების არსებობის პირობებში შეისწავლეს და აღმოაჩინეს ორი სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმი, რომელიც განსხვავებულ შემთხვევებში აქტიურდება. ერთ-ერთი მექანიზმი ქსოვილში ვირუსის განადგურებას ემსახურება, მეორე კი უჯრედებში სხვადასხვა გარემო ფაქტორებით (თამბაქოს კვამლი, ჰაერის დაბინძურება და ა.შ.) გამოწვეული დაზიანებების წინააღმდეგ მოქმედებს.

ექსპერიმენტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრის პროცესში უჯრედები კარგავენ უნარს, რომ ვირუსებსა და ბაქტერიებს სათანადოდ ებრძოლონ. ეს ნიშნავს, რომ უჯრედებს ერთდროულად მრავალ სხვადასხვა ფაქტორთან ბრძოლა უჭირთ.

"უჯრედებმა შეძლეს და თამბაქოს კვამლს გადაურჩნენ, მაგრამ ვირუსის განადგურება ვეღარ მოახერხეს." - ამბობს კვლევის ავტორი.

"სასუნთქი გზების ზედაპირზე არსებული უჯრედები ორგანიზმს არა მარტო ვირუსებისგან, არამედ სხვა მავნებელი ნივთიერებებისგანაც იცავს. უჯრედებს ერთი ტიპის დამზიანებელთან გამკლავება ადვილად შეუძლიათ, თუმცა როდესაც საქმეში სხვა უარყოფითი ფაქტორებიც ერთვება, უჯრედებს სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლა ერთდროულად უწევთ, რის გამოც ისინი ეფექტურად ვეღარ მოქმედებენ." - ამბობენ მეცნიერები.

ექსპერიმენტი ასევე ხსნის თუ რატომ ემართებათ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები მწეველებს უფრო ხშირად, ვიდრე არამწეველებს.