ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსამსახური აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელთა ქმედებების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ის კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება:

"ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის პრეტენზიები, ყირიმში განვითარებულ სავარაუდო მოვლენებზე და ასევე ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლება უარყოფს და გმობს რუსეთის განცხადებებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ არ ვადასტურებთ იმას რასაც რუსეთი ამტკიცებს".

მოგერინის პრესმდივანმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ დრომდე ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ეუთო-ს მონიტორინგის მისიას წვდომა არ აქვს:

"ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ და მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელებისაკენ მოუწოდებს ორივე მხარეს".

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი მტკიცედ გმობს და არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ.

11 აგვისტოს, პეტრო პოროშენკომ ოკუპირებულ ყირიმთან და აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონთან მყოფ ყველა სამხედრო გაერთიანებას საბრძოლო მზადყონისკენ მოუწოდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, უპასუხა და თქვა, რომ რუსეთი ომის დასაწყებად რიტორიკას იყენებს.

საქმე ეხება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB) ბრალდებას, რომელიც უკრაინულ სპეცრაზმს ყირიმში ტერორისტული აქტის ჩატარების დაგეგმვაში ადანაშაულებს. მათი თქმით, უკრაინულ ძალებთან დაპირისპირებას FSB-ს თანამშრომელი და რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პოროშენკოს თქმით, FSB-ს განცხადებები სრული ფანტაზიაა:

"რუსეთის განცხადებები, რომ უკრაინამ ტერორისტული შეტევა განახორციელა ოკუპირებულ ყირიმში ცინიკურია და ამით ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარები არ ჰყავთ".

რუსეთმა სამხრეთ უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია 2014 წლის მარტში მოახდინა, რის გამოც მოსკოვის წინააღმდეგ, აშშ-სა და ევროპის სანქციები ამოქმედდა .