#გმადლობთმაია — გამოცემის ეროვნული ცენტრი ფეისბუქსტატუსით ყოფილ ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს დაემშვიდობა. მიმინოშვილი 10 სექტემბერს განათლების მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ბედნიერებაა შენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეს ემსახურებოდე. დიდ წარმატებას პროფესიონალთა გუნდი აღწევს, ასეთ გუნდს კი მხოლოდ განსაკუთრებული ლიდერი ქმნის...

გვესმის, რომ საუკეთესო შემფასებელი ისევ დროა... მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ საჯაროდ - დიდ გამოწვევებს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები უმკლავდებიან!" — აღნიშნულია პოსტში.

მაია მიმინოშვილთან ერთად გაათავისუფლეს განვითარების ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები, თემურ მურღულია და ლია გიგაური.

მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე. სამინისტროში მოადგილეების რაოდენობა 7-დან 5-მდე შემცირდა.

მინისტრმა მასშტაბური საკადრო ცვლილებები სისტემაში არსებული პრობლემებით ახსნა:

"სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება. პირველივე დღიდან სისტემაში პრობლემებს ვხედავდი. ეს არ არის საბოლოო და ცვლილებები გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ უსწრაფესი ნაბიჯებით დავიწყოთ ნაბიჯების განხორციელება. ახალმა გუნდმა ახალი ენერგიით უნდა შეძლოს პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.