FIFA-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვარი მოსაკ ფონსეკადან გაჟონილ დოკუმენტაციებში ფიგურირებს.

დოკუმენტების მიხედვით, ინფანტინომ კორუფციაში ბრალდებულ ორ ბიზნესმენთან 2006 წელს, UEFA-ს დირექტორობისას ტელე-ტრანსლირების გაყიდვის კონტრაქტებს მოაწერა ხელი.

ჰუგო და მარიანო ჯინკისებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციის უფლებები შეისყიდეს და სამმაგ ფასად გადაყიდეს.

ინფანტინოს თქმით, ის შეშფოთებულია, რომ მედია მის პატიოსნებასა და საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებები ღია აუქციონის შედეგად გაიყიდა.

BBC-ს წყარო FIFA-ში ამბობს, რომ აღნიშნული კონტრაქტი აუცილებლად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა უწყებებმა, რათა დადგინდეს რამდენად გამჭვირვალედ და კანონიერად შედგა გარიგება ორგანიზაციასა და ბიზნესმენებს შორის.

ჰუგო ჯინკისი და მისი შვილი მარიანო ამჟამად არგენტინაში იმყოფებიან, სადაც სასამართლო მათი აშშ-ში ექსტრადირების საქმეს განიხილავს.

2015 წელს, აშშ-ს საგამოძიებო სტრუქტურებმა დაადგინეს, რომ მამა-შვილი, რომელიც კომპანია Cross Trading-ს ფლობდა, სამხრეთ ამერიკელ საფეხბურთო ჩინოვნიკებს ფულს უხდიდნენ, სანაცვლოდ კი მომგებიან გარიგებებს იღებდნენ სატელევიზიო ტრანსლაციებზე.

ინფანტინო 2006-2007 და 2008-2009 წლის სეზონების უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩების ეკვადორში ტრანსლირების კონტრაქტებში ფიგურირებს.

ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა Cross Trading-მა ამ კონტრაქტის მიხედვით $111 ათასი გადაიხადეს, რის შემდეგაც იგივე უფლებები ეკვადორულ ტელევიზიას $311 170-ად მიჰყიდეს.

ამავე კომპანიამ უეფას სუპერ თასის ტრანსლაციის უფლება $28 ათასად მოიპოვა, ხოლო იმავე ტელევიზიას $126, 200 მიჰყიდა.

დოკუმენტაციაში არ ჩანს ინფანტინოს მიერ ქრთამის აღების ან ხსენებული ეკვადორული ტელევიზიის მხრიდან კორუფციაში ჩართულობის ფაქტი.

ჯინკისების კომპანია სხვადასხვა ოპერაციებს ახორციელებდა ხუან პედრო დამიანისთან ერთადაც, რომლის საქმიანობაზეც FIFA-ში შიდა გამოძიება მიმდინარეობს.

უეფაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გარიგებაში უკანონო არაფერია, რადგან Cross Trading-ი ეკვადორული კომპანიის შესყიდვების აგენტის რანგში მოქმედებდა და ტრანსლაციის უფლება ღია ტენდერში შეისყიდა. ხოლო ინფანტინოს მიერ ამ კონტრაქტზე ხელის მოწერა, მისი, როგორც დირექტორის, ერთ-ერთი მოვალეობა იყო.

მსოფლიოს 400-მდე ჟურნალისტისთვის ანონიმური წყაროს მიერ ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები. 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.