საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინიციატივას დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ მხარი დაუჭირა.

ინიციატივის ავტორი საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი, ზვიად ტომარაძეა. ის ცნობილია ქსენოფობიური და ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივებით პარლამენტში. უფრო კონკრეტულად, ზვიად ტომარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო და ხელმოწერების შეგროვებას უწევდა კოორდინირებას.

ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა 2015 წელს პარლამენტში საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერი" ამოღებას შეეხებოდა, მეორე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" დასჯადად გამოცხადებას.

კვიციანმა ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

კვიციანის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დაფასება და "ამ საამაყო დღისთვის" განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება.

"დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით", - განაცხადა დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე.

ანალოგიური კანონპროექტი 2017 წელს უმრავლესობის დეპუტატებმაც წარადგინეს, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხელოვნურადაა გაჩერებული და თურქეთის მხარეს უკავშირდება.

"უსუსურობა გამოამჟღავნა მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პირველი მოსმენით გასული საკითხი სიტყვიერადაა გაჩერებული. ", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული წინააღმდეგობის გამო უმრავლესობის დატოვებასაც გეგმავდა.

კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გამოეხმაურა ნუკრი ქანთარიას საყვედურს და განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, თუმცა მისი თქმით, პროექტის გაჩერების ერთადერთი მიზეზი არ იყო.

"იმ პერიოდში არსებობდა პოზიციები, რომლის გამოც განხილვებისთვის დამატებითი დრო მოვითხოვეთ", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სერგი კაპანაძემ უპასუხა მარიამ ჯაშის და განაცხადა: საჭირო არ იყო მიკიბ-მოკიბვით იმაზე საუბარი, რომ კანონპროექტი თურქეთის ელჩმა გააჩერა.

მარიამ ჯაშმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე მიუღებელი იყო კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვა დასვენების დღესთან დაკავშირებით.