რუსული კოსმოსური სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული კომისია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარ სკანდალს იკვლევს, ვარაუდობს, რომ Soyuz-ის ზედაპირი ამერიკელმა ასტრონავტებმა გახვრიტეს, რათა ცუდად მყოფი კოლეგის დედამიწაზე დაბრუნება დაეჩქარებინათ. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელ ასტრონავტებს შესაძლოა ხომალდის მთლიანობა ეკიპაჟის სასწრაფო ევაკუაციისთვის დაერღვიათ.

საიუზი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ივნისიდან იმყოფება. ხომალდიდან ჰაერის გაჟონვა 30 აგვისტოს დაფიქსირდა. რუსმა კოსმონავტებმა მიკრობზარი კუსტარულად ამოქოლეს.

ექსპერტები, რომლებიც ამ შემთხვევას სწავლობენ, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ხომალდი მცირე ზომის მეტეორიტმა დააზიანა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ხვრელი შიგნიდან იყო გაკეთებული. ფოტოების შესწავლამ ბურღის მიერ დატოვებული კვალიც აჩვენა.

როსკოსმოსის დირექტორი დიმიტრი როგოზინი ამ ვერსიაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან მისი აზრით, ჯერჯერობით ობიექტური სურათის დანახვა შეუძლებელია. პარალელურად, ამერიკელ ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ ნაწილში შესვლა შეეზღუდათ.

როსკოსმოსმა ნასასგან ასტრონავტების სამედიცინო ანკეტებიც გამოითხოვა, თუმცა დიდი შანსია, ნასამ კონფიდენციალურობის გამო ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვას.

როგორც კომერსანტი წერს, სამედიცინო პრობლემების გამო მისიები წარსულშიც შეწყვეტილა. 1985 წელს კოსმონავტმა ვლადიმერ ვასიუტინმა სამედიცინო კომისიას უროლოგიური პრობლემების არსებობა დაუმალა. მისი მდგომარეობის გაუარესების გამო ეკიპაჟს დედამიწაზე ვადაზე ადრე დაბრუნება მოუწია.

"ამერიკელების დადანაშაულება კვლევის დასრულებამდე დაუშვებელია", - განაცხადა როსკოსმოსის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა, - "ეს ყველაფერი კუდიანებზე ნადირობასა და იარლიყების მიწებებას ჰგავს, რაც რბილად რომ ვთქვათ, წინდაუხედავი საქციელია".