პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ფარგლებში გამკაცრდება რეკლამისა და პოპულარიზაციის რეგულაცია. მისივე განმარტებით, მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც 21 წლამდე პირებში მარიხუანის მოხმარებას პოპულარიზაციას გაუწევს.

პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ, ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ინტერესისა და უსაფრთხოებისთვის კანონპროექტის დროული განხილვა მნიშვნელოვანია:

"რათა სამართალდამცავებს მარიხუანის მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იქნან მაქსიმალურად დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან".

მან, ასევე, განაცხადა, რომ მკაცრად დაისჯება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. რეგულაცია ასევე შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება კანაფის წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებისთვის, ბახტაძემ განმარტა, რომ წარმოება რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება რეგლამენტირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი.