350 კილოგრამი ქერი — ეს იყო საპრიზო ფონდი ხარაგაულში გამართული დოღისთვის, რომელშიც 35-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. დოღი სოფელ ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით გაიმართა და ორგანიზებას სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი უწევდა.

საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა — პირველ ადგილზე გასულს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან 200კგ ქერი ერგო, მეორე ადგილის მფლობელს 100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 50კგ.

ფოტო: ხარაგაულის მერია

ფოტო: ხარაგაულის მერია

ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა. თუმცა არ არის დაკონკრეტებული რა საჩუქრებზეა საუბარი.