ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტიის ინიციატივა რუსული პროპაგანდის საკანონდებლო დონეზე შეზღუდვების შესახებ უკვე მუშავდება და მალე გახდება ცნობილი. როგორც ბოკერიამ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ინიციატივა გულისხმობს ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნას იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაკავშირებული რუსეთთან.

"გულისხმობს საქართველოში იმ ტიპის ფულის ხარჯვის აკრძალვას , რომელიც ფორმალურად დაკავშირებულია კრემლთან. მაგალითად, იმ ტიპის ფორუმი რაც საქართველოში ჩატარდა არ შეიძლება, რომ აქ ტარდებოდეს. არა იმიტომ, რომ ჩვენ იდეების უნდა გვეშინოდეს. სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ყველაზე ცუდ ხალხსაც აქვთ აზრის უფლება. მათი აზრის გამო არ უნდა ვდევნოთ. მაგრამ, რაც შეეხება ოკუპანტი სახელმწიფოდან ფულის შემოდინებას, აქ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, ჩვენი კონსტიტუციის პროპორციის ფარგლებში შევზღუდოთ."

ბოკერიას განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ რომელიმე ორგანიზაციას აქვს კავშირები რუსულ პოლიტიკურ მანქანასთან მასზე შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს. აღნიშნული ინიციატივა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ მას შემდეგ გამოთქვა, რაც საქართველოში პუტინის გრანტით დაფინანსებული პრორუსული მედიაფორუმი გაიმართა.

პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი საქართველოში

საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი გაიმართა. 2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევარები. რუსული დელეგაციიდან 4 ჟურნალისტი უკან გააბრუნეს მოსკოვში ოკუპაციის კანონის წლების წინ დარღვევის გამო.

მსგავსი ფორუმები საქართველოში წლების განმავლობაში ტარდებოდა, რომელსაც ორგანიზებას პრორუსული განწყობით ცნობილი მედიასაშუალებები უწევდნენ: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა, "საქართველო და მსოფლიო". 2018 წელს ფორუმის მთავარი თემა რეგიონში ნდობის განსამტკიცებლად მედიის როლი იყო.

  • დეტალურად ფორუმის მონაწილეებსა და გამომსვლელებზე წაიკითხეთ აქ.