ინგლისის ორი სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს დღის ის მონაკვეთი, როდესაც ყველაზე დიდი შანსია, რომ სახლში ობობას გადაეყაროთ.

მეცნიერებმა 2013 წლის აგვისტოში სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომლის სმარტფონში დაყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. აპლიკაციის მიზანი მოსახლეობის ობობებთან ურთიერთობის აღწერა და დოკუმენტირება იყო.

ერთი წლის შემდეგ აპლიკაციაში ობობებთან შეხვედრის 9 905 სხვადასხვა შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევის მონაწილეები ობობებთან შეხვედრისას იწერდნენ დროს, თარიღს, ადგილს, ობობის სქესს და სხვა მახასიათებლებს.

ამ ინფორმაციის გაანალიზებით მეცნიერებმა საკმაოდ საინტერესო დასკვნები გააკეთეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სახლში ნანახი ობობების 82 პროცენტი მამრი იყო.

"კვლევამ დაადასტურა, რომ სახლში ჩვენ ძირითადად მამრ ობობებს ვაწყდებით, რომლებიც პარტნიორის ძებნით არიან დაკავებულნი." - ამბობენ მეცნიერები.

მდედრი ობობები ძირითადად მყუდრო ადგილებში გვხვდებიან, მაგალითად ფანჯრის კუთხეებში. მამრები კი ზუსტად მათ ეძებენ.

კვლევით დადგინდა, რომ ობობებთან შეხვედრის ყველაზე ხშირი დრო საღამოს 6-დან 9 საათამდე პერიოდი, კონკრეტულად კი რვის ნახევარია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ობობები ამ დროს აქტიურდებიან. ეს უბრალოდ ის დროა, როდესაც ჩვენ მათ ყველაზე ხშირად ვხედავთ, ეს შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ მოსახლეობის უმეტესობა დღის განმავლობაში სამსახურშია.

აღსანიშნავი ის არის, რომ სპეციალური აპლიკაციის შექმნით ექსპერიმენტში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთო, რითაც მეცნიერებმა დიდი რაოდენობის, მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება შეძლეს.