ბერლინი პოპულარული დანიშნულების წერტილია მოგზაურებისთვის (მათ შორის, ქართველი მოგზაურებისთვის) და ამას თავისი მიზეზები აქვს. განსხვავებით პარიზისგან ან ლონდონისგან, ბერლინი იაფი ქალაქია და ტურისტებსაც კეთილგანწყობით ხვდება. აქ ინგლისური ყველამ იცის და გერმანელების "სიცივის" შესახებ ხმებიც გაზვიადებულია, ყოველ შემთხვევაში, გამვლელებიდან ყველა მიგასწავლით გზას და ღიმილზე ღიმილით გიპასუხებთ. ბერლინი ყველაზე მეტად კლუბების მოყვარულებსა და ხელოვანებს იზიდავს. ისტორია აქაურობის მთავარი სავიზიტო ბარათია, რაშიც არაფერია გასაკვირი. ბევრი ქალაქი იცით, ათწლეულების განმავლობაში ორად რომ ყოფილიყო გაყოფილი?

თუ მოგზაურობაზე ფიქრობთ და დანიშნულების ადგილი ჯერ არ აგირჩევიათ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს სტატია კარგ დროს შეგხვდათ.

აი 10 მიზეზი, რის გამოც ბერლინს უნდა ეწვიოთ:

1. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონკრეტულად კი - მეტრო

ფოტო: andreyspb21 / Shutterstock

შეიძლება თქვათ, ქალაქის უპირატესობების ჩამონათვალში პირველ პუნქტად მეტროსა და ტრამვაის რა უნდაო, მაგრამ რომ არა გამართული სისტემა, სხვა პუნქტებამდე უბრალოდ ვერ მიხვიდოდით. ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახერხებელი და ადამიანებზე მორგებულია. გარდა იმისა, რომ მატარებლის თუ ტრამვაის ლოდინი 2 წუთზე მეტხანს არ მოგიწევთ, გადაადგილების ყველა საშუალება გვიანობამდე მუშაობს და ტაქსი საერთოდ არ დაგჭირდებათ.

გაფრთხილება: ბერლინის მეტროსადგურების მრავალფეროვნებამ შეიძლება ისე შეგიტყუოთ, რომ სეირნობის ნაცვლად უბრალოდ "ყველა გაჩერებაზე ამოხვიდეთ".

2. ზოოპარკი

ფოტო: Anastasia Maiiboroda / Shutterstock

ბერლინის ზოოპარკს, რომელიც 1844 წელს გაიხსნა, ევროპაში ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს. ზოოპარკი 34 ჰექტარზეა გადაჭიმული და 20 500-მდე ცხოველს აერთიანებს. აუცილებლად სანახავი ცხოველებიდან ჟირაფი და პანდა მოინიშნეთ - მათ თბილისის ზოოპარკში ვერ ნახავთ.

სხვათა შორის, აკვარიუმიც არანაკლებ შთამბეჭდავია, უბრალოდ სჯობს, ბილეთი ონლაინ იყიდოთ, რათა რიგს ადვილად დააღწიოთ თავი.

3. ბურგერმაისტერის ბურგერი

ფოტო: Food in Berlin

არ მოტყუვდეთ და ბურგერის საჭმელად მაკდონალდსში ან ბურგერ კინგში არ შეხვიდეთ. განა იმიტომ, რომ ცუდია, უბრალოდ ბერლინში ბურგერმაისტერს ვერაფერი შეედრება.

გაჩერება Schlesisches Tor-თან მდებარე საბურგერე ყოფილ (და უძველეს) საზოგადოებრივ ტუალეტშია გახსნილი, თუმცა ეს მხოლოდ ისტორიული დეტალია. ბურგერმაისტერი დილამდე მუშაობს და ხალხის უზარმაზარ ნაკადსაც წარმატებით უმკლავდება. რაც შეეხება ბურგერებს, როგორ შეიძლება მათი გემოს ახსნა, თუ აქამდე ნაჭამ ვერც ერთ ბურგერს ვერ შეადარებთ?

პოპულარობის კუთხით ბურგერმაისტერს მხოლოდ მუსტაფას დონერი თუ გაუწევს კონკურენციას. აქაური დონერი, რომელსაც ყველა ქუჩის კუთხეში შეხვდებით, არაფრით ჰგავს თბილისში გასინჯულ შაურმას. ასე რომ, მისთვის ცხვირის აბზუება უბრალოდ საინტერესო გამოცდილებას დაგაკარგვინებთ.

4. კლუბები

ფოტო: documenting.the.obvious / Tumblr

ბერლინში რომ საუკეთესო კლუბებია, ეს ყველასთვის ცნობილია, ასე რომ, პირდაპირ რჩევაზე გადავიდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ სახელგანთქმულ ბერგ(ჰ)აინში მოხვდეთ:

  • ჩაიცვით შავი
  • პირსინგები და ტატუები პლიუსია
  • გერმანულის ცოდნაც პლიუსია
  • ნუ მიხვალთ დიდ ჯგუფებად
  • არ ისაუბროთ და იცინოთ რიგში
  • არ ამოიღოთ მობილური ტელეფონი
  • გაიგეთ, ვინ უკრავს

ამბობენ, საუკეთესო დრო შესასვლელად კვირა დილააო, მაგრამ ეს უკვე იმდენმა ადამიანმა იცის, რომ კვირა დილას უზარმაზარი რიგი დაგხვდებათ. მიდით შაბათს ღამის 1-ზე ან 2-ზე და ლეგენდარულ ფეისკონტროლს, სვენს თამამად გაუსწორეთ თვალი.

თუ ვერ შეხვალთ, გული არ გაიტეხოთ. სხვა კარგი კლუბებიც არსებობს.
ამავე თემაზე: ადამიანები, რომლებიც ბერგჰაინში არ შეუშვეს

5. პარკები და სიმწვანე

ფოტო: Svetlana Turchenick / Shutterstock

ბერლინი ისეთი მწვანეა, რომ შეიძლება თვალებს ვერ დაუჯეროთ. რომელ პარკზეც არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი (და ასეთი ბევრია), ყველგან დაგხვდებათ უზარმაზარი წამოსაგორებელი მინდორი, რომელიც ასე აკლია თბილისს. პარკებთან აქტიურად არის დაკავშირებული სოციალური ცხოვრებაც: ადამიანები ბალახზე წვანან, ირუჯებიან, გრილზე ბოსტნეულსა და სოსისებს წვავენ, უკრავენ გიტარაზე, კითხულობენ და პიკნიკებს აწყობენ. კვირაობით კი პარკებში Flea Market-ები იმართება, სადაც ხელნაკეთი თუ ვინტაჟური ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენის პარალელურად, უგემრიელესი ფალაფელი შეგიძლიათ ჭამოთ და არანაკლებ გემრიელი ყავა დააყოლოთ.

6. ისტორია

ფოტო: Olexiy Kryvych / Shutterstock

ბერლინის ისტორია ქალაქში ყველგან იგრძნობა და მას ერთ დიდ მუზეუმად აქცევს. აქაური ძეგლები და მემორიალები დაგაფიქრებენ იმაზე, როგორ შეიძლება გაიაზრო და დაიმახსოვრო წარსული. ბერლინის ამბავს ინახავს მეტროც, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუ ისტორია გიყვართ, შეგიძლიათ მოინახულოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარზე არსებული "მოჩვენება მეტროსადგურები", სადაც მატარებელი არასდროს ჩერდებოდა, ეწვიოთ ბაბელპლაცს, სადაც 1933 წელს გებელსის ბრძანებით 20 000-ზე მეტი წიგნი დაიწვა ან გადაკვეთოთ ბერლინის აღმოსავლეთ-დასავლეთის წარმოსახვითი საზღვარი ჩექფოინთ ჩარლისთან.

ჰოლოკოსტის მემორიალის ნახვის გარეშე ამ ქალაქის დატოვება არ შეიძლება, თუმცა ამ ნაცრისფერ ქვებთან დაბრუნება მეორედ შეიძლება აღარ მოგინდეთ.

7. გაუქმებული აეროპორტი

ფოტო: Micha Weber / Shutterstock

წარმოიდგინეთ უზარმაზარი აეროპორტი, რომელიც თქვენს განკარგულებაშია - საფრენი ბილიკისა და თვითმფრინავის ჩათვლით. თავის დროზე ბერლინის მაცხოვრებლებმა ბევრი იმსჯელეს, რა აეშენებინათ ყოფილი აეროპორტის ადგილას და მერე გადაწყვიტეს, უბრალოდ ხელი არ ეხლოთ. აქ შეგიძლიათ ველოსიპედით, გორგოლაჭებით ან ძაღლით მოხვიდეთ, ბევრი ირბინოთ ან იფიქროთ. აეროპორტის შენობაში, რომელიც ნაცისტურმა ხელისუფლებამ ააშენა, ღონისძიებები და ჩვენებები იმართება ხოლმე. ტემპელჰოფი ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ ქალაქს მოსწყდეთ, თვალები დაასვენოთ და თავი სრულიად თავისუფლად იგრძნოთ.

8. ბერლინის კედელი

ფოტო: Photo.ua / Shutterstock

ბერლინის კედელი არა უბრალოდ კედელი, არამედ გალერეაა, რომელიც ცნობილ ნამუშევრებს აერთიანებს. ბრეჟნევისა და ჰონეკერის საყოველთაოდ ცნობილი კოცნა ერთ-ერთი მათგანია. უზარმაზარი ფერადი ნახატები კედლის 1300-მეტრიან მონაკვეთზე 1990 წელს დაიტანეს და მას შემდეგ რამდენჯერმე განაახლეს. თუ დღისით მოხვდებით აქ, ნახატების აღქმა გაგიჭირდებათ, რადგან უამრავი ტურისტი იღებს ფოტოს. საღამოს კი, შებინდებულზე შეგიძლიათ ვარშაუერისა და ოსტბანჰოფის მეტროებს შორის თავისუფლად ჩაისეირნოთ და ეს შედევრები შეაფასოთ.

9. საუკეთესო ლუდი

ფოტო: DisobeyArt / Shutterstock

სულ ერთია, კაფეში უკვეთავთ, კრაფტ ლუდს სვამთ თუ მაღაზიაში ყიდულობთ - ბერლინში ცუდი ლუდის აღმოსაჩენად დიდხანს მოგიწევთ სიარული. ყველაფერთან ერთად სასმელის სიიაფეც გაგაკვირვებთ. შეგიძლიათ ლუდს ქარის სოუსში მომზადებული სოსისებიც (Currywurst) მიაყოლოთ - ამ კერძს ქალაქში საკუთარი მუზეუმიც კი აქვს.

თუ ლუდი არ გიყვართ, არ ვიცით, რა გელაპარაკოთ, მაგრამ ალკოჰოლურ სასმელებში სხვა ეროვნული არჩევანიც არსებობს, მაგალითად, იეგერმაისტერი.

10. ყველაზე ლამაზი ქუჩის მხატვრობა და შესაბამისად, საოცარი ფოტოები ინსტაგრამისთვის

ფოტო: I heart Berlin

ბერლინში შეგიძლიათ საათობით იხეტიალოთ დაუღლელად, რადგან ამაზე ბრტყელ ქალაქს, ალბათ, ვერსად იპოვით. ამ ხეტიალისას კი ერთ-ერთი მთავარი სიამოვნება მოულოდნელად აღმოჩენილი ქუჩის მხატვრობაა. ბერლინში მცხოვრები მხატვებისთვის ყველა ნაცრისფერი კედელი გამოწვევაა, ასეთებს კი აღმოსავლეთ ნაწილში ხშირად შეხვდებით.

გრაფიტით ტკბობის შემდეგ კი მის ფონზე ფოტოების გადაღება და საკუთარი ინსტაგრამის ახალ საფეხურზე აყვანაც შეგიძლიათ.