ლეგენდარული ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ფინალში ოაპონელ ნაომი ოსაკასთან დამარცხდა, მატჩის დროს წესების სამჯერ დარღვევისთვის $17 ათასით დააჯარიმეს. ჯამური თანხიდან $4 ათასი დოლარი მწვრთნელის კარნახისთვის, $3 ათასი გატეხილი ჩოგნისთვის და კიდევ $10 ათასი არბიტრის შეურაცხყოფისთვის.

თამაშის დროს სერენა უილიამსმა არბიტრთან, კარლო რამოსთან იკამათა, ქურდი უწოდა და თამაშის დასრულებისას მისთვის ხელის ჩამორთმევაზეც უარი თქვა.

როგორც ცნობილია, ჯარიმის თანხას მას საპრიზო თანხიდან ჩამოაჭრიან. US Open-ის ფინალში მონაწილეობისთვის ჩოგბურთელმა $1,85 მილიონი უნდა მიიღოს.

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ნაომი ოსაკას გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა. მატჩი საათი და 19 წუთი მიმდინარეობდა. 20 წლის ოსაკა გახდა პირველი იაპონელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

მეორე სეტში არბიტრმა 36 წლის ამერიკელ ჩოგბურთელს მწვრთნელის კარნახის გამო შენიშვნა მისცა. კარნახი WTA-ის ტურნირებზე დაშვებულია, თუმცა აკრძალულია დიდი სლემის ტურნირებზე.

უილიამსი უარყოფდა, რომ რაიმე სახის რჩევა მიიღო და არბიტრს უთხრა, რომ ერჩივნა წაეგო, ვიდრე ეთაღლითა. თუმცაღა შემდგომში მწვრთნელმა აღიარა, რომ უილიამსს მართლა ანიშნებდა რაღაცებს:

"მე მინიშნებას ვცდილობდი, მაგრამ არ მგონია, რომ ის ჩემკენ იყურებოდა. საშაც [ნაომი ოკასაკას მწვრთნელი] კარნახობდა, ყველა იქცევა ასე".

ამის შემდეგ უილიამსი ერთი ქულით დააჯარიმეს, რადგან კორტზე ჩოგანი გატეხა. ამის გამო ჩოგბურთელი გაბრაზდა არბიტრთან მივიდა და მატყუარა უწოდა და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. ამის გამო კი არბიტრმა ის მთელი გეიმით დააჯარიმა.