თამაშის შემდეგ გურამ კაშია ნაკრების სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჟურნალისტებს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მის მიმართ გულშემატკივრების განსაკუთრებული მხარდაჭერა ძალიან გაუხარდა.

"ძალიან მესიამოვნა, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე ამის შემდეგ. ეს 90 წუთი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, ძალიან მიხარია, რომ მოვიდნენ დღეს", — განაცხადა კაშიამ.

საქართველო-ლატვიის მატჩზე გულშემატკივრების ნაწილი გურამ კაშიას მხარდასაჭერად ლგბტ სამკლაურით მივიდა და მის სახელს სკანდირებდა. მათ, ასევე, ბანერები ჰქონდათ გადმოფენილი. კაშიამ ჟურნალისტებთან მის მიმართ გამოხატული აგრესიაც შეაფასა:

"ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, ყველა, ნებისმიერი. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არასდროს ვიტყვი, რასაც ჩემზე ამბობენ... დღეს განსაკუთრებულად ჩემი მხარი ეჭირათ, მაგრამ აუცილებელია, რომ გუნდს ვუგულშემატკივროთ".

ჟურნალისტის კითხვაზე აღადგენს თუ არა ფეხბურთელი ფეისბუქის ანგარიშს, კაშიამ უპასუხა, რომ ჯერ მზად არ არის.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის გუნდი დაამარცხა. გოლი მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ერთა ლიგის ისტორიაში პირველი თამაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიმართა, რომელიც საქართველომ მოიგო და თამაში 2:0 დაამთავრდა. ერთა ლიგის ისტორიაშიც პირველი გოლის ავტორი ქართველი ფეხბურთელი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა.