ქართული სპორტის ქომაგებმა მარჯანიშვილის მეტროდან დინამო არენას მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. ქომაგების თქმით, მსვლელობის მიზანი ქალაქში თამაშის მუხტის შექმნაა.

ქომაგების განცხადებით, დღევანდელ მატჩზე დასასწრებად ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოსეთიდან ჩამოდიან. მათივე თქმით, თამაშს დაესწრებიან ფერეიდნელი ქართველებიც.

"ხვალ ჩვენს ტრიბუნაზე იდგებიან თბილისისა და ბათუმის "დინამოების" ფანები, იქნებიან ფან კლუბები გორიდან, რუსთავიდან, თელავიდან, სამტრედიიდან, ტყიბულიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ასე რომ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველო ტრიბუნაზე გავაერთიანეთ", - წერია ქომაგების გავრცელებულ განცხადებაში.

ქომაგები მოუწოდებენ გულშემატკივრებს, აყვნენ ერთიან მუხტს და არა იმ აგრესიას, რასაც კონკრეტული ჯგუფები გამოხატავენ ნაკრების მიმართ. ქართული სპორტის ქომაგები აქამდეც გამოეხმაურნენ ნაკრების და ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოხატულ აგრესიას და მხარდაჭერაგამოუცხადეს მათ.

დღეს, თამაშის დაწყებამდე აქციას მართავს ქართული მარში. ჰომოფობიური მოტივებით, ქართულმა მარშმა ულტიმატუმი წამოუყენა კაშიას გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ თუკი ისინი ლგბტ სამკლაურებს არ გაიკეთებენ, რაც კაშიას მხარდასაჭერი პერფომანსია, მაშინ აქცია გაუქმდება. წინააღმდეგ, შემთხვევაში ქართული მარში იმუქრება, რომ ნაკრების თამაშზე "ლგბტ პროპაგანდას" არ დაუშვებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში ამბობენ, რომ გადაცდომებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კი მოუწოდა გულშემატკივრებს აგრესიის გარეშე უქომაგონ გუნდს.

დღეს UEFA-ს ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. თამაში დინამო არენაზე 8 საათზე დაიწყება.